მსოფლიო დღეს

ერდოღანის პირობა: დაიწყებს თუ არა თურქეთი საბერძნეთთან ომს

ერდოღანის თქმით, საბერძნეთმა პასუხი უნდა აგოს თურქეთის საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევისთვის.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თურქეთის ხელმძღვანელობა არ აპირებს საბერძნეთთან სამხედრო კონფლიქტის დაწყებას ქვეყნებს შორის ურთიერთობების კრიზისის ფონზე, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთმა პასუხი უნდა აგოს თურქეთის საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევისთვის.

„პრობლემის მასშტაბები არ შეესაბამება საბერძნეთთან ომის დაწყებას. მაგრამ საბერძნეთის ხელმძღვანელობა არ აგებს პასუხს თავის სიტყვებზე. მათ საჰაერო სივრცე 147-ჯერ დაარღვიეს. როგორ უნდა ვიცხოვროთ მეზობლად? რა უნდა ვქნათ?!. რას იტყვიან ჩემი მოქალაქეები, თუ თურქეთის საჰაერო ძალები არ რეაგირებენ შექმნილ ვითარებაზე? განა არ იკითხავენ, სად არის ჩვენი საჰაერო ძალებიო?“ — განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს პარასკევის ლოცვის შემდეგ.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში არ აპირებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრას, რომელმაც პრეზიდენტ ერდოღანისთვის „არსებობა შეწყვიტა“ მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის გადაწყვეტილებას, არ მიჰყიდოს ანკარას გამანადგურებელი F-16-ები.
კონფლიქტი თურქეთსა და საბერძნეთს შორის, რომელსაც მასმედიაში „სიტყვების ომი“ უწოდეს, გაზაფხულზე გამწვავდა ორი ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის არაერთი წინააღმდეგობის ფონზე. კერძოდ, სახელმწიფოებს შორის დავის საგანია დაყოფილი კვიპროსის პრობლემა, ეგეოსის ზღვაში არსებული კუნძულების საკუთრების საკითხი და საჰაერო სივრცის გამოყენება. ანკარის განცხადებები ათენში განიხილება როგორც პროვოკაცია და „ჰიბრიდული საფრთხე, რომელიც შიდა დესტაბილიზაციისკენაა მიმართული“.
წყარო: TRT World Now