„გაკვირვებული ვართ“: საგარეო უწყებამ საფრანგეთში ელჩის გადადგომის მიზეზი დაასახელა

სამინისტროს განმარტებით, საქართველოს ურთიერთობა საფრანგეთთან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, რაც „საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“ მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ელჩი საფრანგეთში თანამდებობიდან იმის გამო გამოვიწვიეთ, რომ უწყება მისი მუშაობით კმაყოფილი არ იყო, განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თანამდებობა დატოვა>>
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დღეს დატოვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

„გაკვირვებული ვართ ქალბატონი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, კატუკიამ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა.
ამასთან სამინისტროს განმარტებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველოს ურთიერთობა საფრანგეთთან უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, რაც „საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“ მოითხოვს.
თეა კატუკია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა. ის ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.