თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები - RS CAR გადასახადის გადამხდელებს რეგიონებში 4-დან 22 ივლისამდე მოემსახურებიან.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის-ცენტრი - RS CAR გადასახადის გადამხდელებს 19 ლოკაციაზე მოემსახურება, იმ რეგიონებში, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები არ არის განთავსებული.
მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით და გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
რაც შეეხება ლოკაციებს, ესენია: ლანჩხუთი, გურჯაანი, ხულო, ახმეტა, ლენტეხი, ყვარელი, ხონი, დუშეთი, ვანი, ამბროლაური, კასპი, ბაღდათი, მარტვილი, ტყიბული, ცაგერი, საჩხერე, ონი, ყაზბეგი, ამბროლაური.
გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდით სარგებლობის მიზნით ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.
მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.
https://rs.ge/NewsArchive?newsId=686 - ამ ბმულზე შესაძლებელია RS CAR-ის მომსახურების თარიღების, მისამართებისა და სამუშაო საათების გაცნობა.