საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მადრიდში - რაზე ისაუბრა ღარიბაშვილმა შეხვედრებზე

პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია მათთვის ხელსაყრელ დროს.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრები გამართა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა განიხილა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადრიდში გამართულ ნატოს სამიტში ალიანსის სპეციალური მიწვევით მიიღო მონაწილეობა.
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიკურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის საჭირო ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან გამართა შეხვედრა. განსახილველ საკითხთა შორის ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო.
ღარიბაშვილმა შვედ კოლეგას ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.
მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს საგარეო კიბერსაფრთხეების მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად დამატებით 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყო.
„დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში", – დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ში.
მადრიდში ასევე შედგა პრემიერის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.
მოლაპარაკებების შემდეგ ღარიბაშვილმა დაწერა Twitter-ში, რომ „ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად".
ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მადრიდის სამიტზე მიიღეს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და შემდგომში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას ეხება.
2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე დაადასტურეს, რომ საქართველო მომავალში გახდება ნატოს წევრი, თუ ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. საქართველომ 2011 წელს მიიღო ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს ღონისძიებების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას ალიანსის წევრობისკენ.
რუსეთი ალიანსის აღმოსავლეთით გაძლიერების კატეგორიული წინააღმდეგია. გარდა ამისა, რუსული მხარე მოითხოვს, რომ დასავლეთმა უარი თქვას სამხედრო ბაზების შექმნაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში, მის საზღვრებთან შეიარაღების განთავსებაზე, ნატომ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ ევროპიდან და დაუბრუნდეს 1997 წლის პოზიციებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აუცილებელია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ოფიციალურად უარყოფა, სადაც დამტკიცდა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში შეიძლება ალიანსის წევრები გახდნენ, თუ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
წყარო - საქართველოს მთავრობა