პერფორმანსი გალაკტიონის ხიდზე: „ევროპა არის ღირსეული ხელფასი“

დასაქმებული ადამიანების მიმართ საქართველოში არის უსამართლო დამოკიდებულება, აცხადებს „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელი
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ გალაკტიონის ხიდზე მოაწყო აქცია-პერფორმანსი „ევროპა არის ღირსეული ხელფასი“.
მცირე აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელფასების გაზრდაა.
„ევროპა არ არის მარტო წესრიგი, არ არის მარტო დემოკრატია, პირველ რიგში ეს არის მატერიალური კეთილდღეობა, სიმდიდრე, რაც გამოიხატება ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებაში“, - განაცხადა პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ, რომელიც ასევე შეუერთდა აქციას.
„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლის, ირაკლი ბუცინაშვილის თქმით, დასაქმებული ადამიანების მიმართ საქართველოში არის უსამართლო დამოკიდებულება, ყველაზე მეტად კი ეს ხელფასზე აისახება.
„როდესაც ქვეყანაში სასაცილო და უხერხული ხელფასები აქვთ ადამიანებს, რომელ ევროპაზეა საუბარი? ჩვენ თუ გვაქვს ამბიცია ევროპულ ღირებულებებზე, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ადამიანების უფლებები და მათი შრომის ღირსეული ანაზღაურება“, - აღნიშნავს ირაკლი ბუცინაშვილი.