გაიზრდება თუ არა კომუნალური მომსახურების ტარიფები: დავით ნარმანიას განმარტება

ელექტროენერგიის ტარიფებზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის, სავალუტო კურსი არ გაუარესებულა, განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში არ იგეგმება ტარიფების გაზრდა ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე და წყალმომარაგებაზე, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

„ამის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ტარიფებზე, არ გაუარესებულა, მათ შორის არც სავალუტო კურსი, არც ისეთი ფაქტორები, რაც გვიბიძგებს, დავიწყოთ მუშაობა ტარიფების ზრდაზე“, – განაცხადა ნარმანიამ.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფი დიდწილად დამოკიდებულია იმპორტის მოცულობაზე, სავალუტო კურსზე.
„რადგან ჩვენს სამომხმარებლო კალათაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს იმპორტის მაჩვენებელს. ასევე დამოკიდებულია სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებზე“, – განმარტა მან.
რაც შეეხება გაზის ტარიფს, ის პირდაპირ სავალუტო კურსზეა დამოკიდებული, მაგრამ როდესაც სემეკმა ბოლოს დაადგინა ტარიფები, ვალუტის კურსი მაშინაც საკმაოდ მაღალი იყო, განაცხადა ნარმანიამ. მეორე მხრივ, გაზის მოხმარების მოცულობა გაზრდილია, რაც ტარიფზე ზეწოლას ამსუბუქებს.
საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,972 თეთრს შეადგენს.
ნარმანია: რუსულ ელექტროენერგიაზე უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს >>
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფებს, ნარმანიამ განმარტა, რომ ტარიფები 2023 წლის ბოლომდე არის დადგენილი და გეგმურად არ გადაიხედება. გარდა ამისა, სემეკში არაგეგმურ გადახედვაზე განაცხადი არ შესულა.