მსახიობმა ეკა ჩხეიძემ მამის, ცნობილი რეჟისორის თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ მამა თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა და ოჯახის წევრებს არაფერი საგანგაშო არ შეუნიშნავთ. რეპეტიციის დამთავრების შემდეგ რეჟისორი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად ხელების დაბუჟება იგრძნო, მანქანა გადააყენა და დარეკა.
„მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ანევრიზმა აორტაზე. ასეთი ოპერაციის გაკეთება სარისკოა, ქართველი ექიმები ვერც აიღებდნენ საკუთარ თავზე. დაემთხვა ისე, რომ ანზორ მელიას კლინიკაში მოწვეული იყო ავსტრიელი ქირურგი, რომელმაც ეს ოპერაცია გააკეთა. როცა გაჭრეს, გაირკვა, რომ შუნტირებაც სასწრაფოდ სჭირდებოდა. ურთულესი პროცესი 8 საათს გაგრძელდა. ექიმი თავადაც განცვიფრებული იყო, რომ ასეთი ზომის ანევრიზმა არ გასკდა. თქვა, ღმერთს ჰყვარებია, აქამდე ინფარქტი რომ არ განუვითარდაო“, – ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ექიმი თავად ძალიან კმაყოფილი იყო, იმდენად წარმატებით გაკეთდა ოპერაცია, და ყველა იმედიანად იყო, თუმცა პოსტოპერაციულ პერიოდში, ორი კვირის თავზე მდგომარეობა დამძიმდა, დაიწყო სისხლდენა, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, რაც მან ვეღარ გადაიტანა.