ზემო ლარსი დღეს: საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" მსუბუქი ავტომობილებისთვის გახსნილია

რუსეთის საზღვარზე ტრაილერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. „ყაზბეგი"–„ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი (საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი) ღიაა მსუბუქი ავტომობილებისა და ფიზიკური პირებისთვის, განუცხადეს Sputnik საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, ტრაილერების გადაადგილება საზღვარზე ჯერ ისევ შეჩერებულია.
ამასთან, საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის – როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილებისთვის მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.
ორშაბათს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაზიანებული გზის შეკეთებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.
პარალელურად 26 ივნისს დაზიანებულ მთავარ გზაზე კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. ძლიერმა წვიმამ მდინარეების თერგისა და დევდორაკის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო საავტომობილო გზის 80 მეტრზე მეტი (ნეიტრალური ზონა) დაზიანდა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.