მსოფლიო დღეს

თურქეთი დათანხმდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას

თურქეთმა, ფინეთმა, შვედეთმა და ნატომ მადრიდში მოლაპარაკებების შემდეგ განცხადებას ხელი მოაწერეს
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. შვედეთი და ფინეთი ითანამშრომლებენ ანკარასთან ტერორიზმთან ბრძოლაში, იღებენ ვალდებულებას არ დაუჭირონ მხარი თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) და ისლამისტი სასულიერო მოღვაწის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას (FETO).

„აღებული ვალდებულება ითვალისწინებს თურქეთთან თანამშრომლობას PKK-სა და მისი ფილიალების წინააღმდეგ ბრძოლაში, თურქეთთან სოლიდარობას ტერორიზმთან ბრძოლაში მისი ყველა ფორმისა და გამოვლინების წინააღმდეგ და დაუშვებლად მიიჩნევს PKK/YPG-ს და FETO-ს მხარდაჭერას“, - ამის შესახებ РИА Новости თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

გარდა ამისა, შვედეთი და ფინეთი შეიტანენ შესწორებებს თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობებში, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლას და თავდაცვითი მრეწველობის საკითხებს ეხება, განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ადმინისტრაციაში.
ასევე, მადრიდში მოლაპარაკების შედეგების მიხედვით, ეს ქვეყნები აღარ გაატარებენ ემბარგოს პოლიტიკას თურქეთის თავდაცვითი ინდუსტრიის მიმართ.
თურქეთმა, ფინეთმა, შვედეთმა და ნატომ მადრიდში სამშაბათს გამართეს მოლაპარაკებები, სადაც ამ ქვეყნების ალიანსში წევრობის პროცესი განიხილებოდა.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი მაისში წარადგინეს − უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების გამო. თურქეთმა ამ განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება დაბლოკა. ერდოღანმა განაცხადა, რომ ვერ დათანხმდებოდა ნატოში ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე, რადგან არ სჯერა მათი განცხადებების თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებთან კავშირებზე.