მსოფლიო დღეს

ამერიკული სანქციები თინა კანდელაკსა და მის მეუღლესაც შეეხო

Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა სანქციების სია რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც ამჯერად 45 კომპანია და 29 ფიზიკური პირი მოხვდა, ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საიტზე.
სანქცირებულ პირებს შორის არიან ტელეწამყვანი თინა კანდელაკი — მეუღლესთან, ვასილი ბროვკოსთან ერთად, რომელიც „როსტექის“ სპეციალური დავალებების დირექტორია; ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და მისი მეუღლე ევგენია ვასილიევა; რუსეთის მიერ მელიტოპოლის მერად დანიშნული გალინა დანილჩენკო და ა.შ.
სანქციების ახალ ჩამონათვალში ასევე შევიდნენ კომპანიები: „კამაზი“, „ტუპოლევი“ გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაცია, „როსტექი“, ილიუშინის სახელობის საავიაციო კომპლექსი და სხვ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების სიაში საერთო ჯამში ასზე მეტი ახალი იურიდიული პირი შევიდა.
გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა აკრძალა რუსეთიდან ოქროს იმპორტიც.
თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ სანქციების სიაში აშშ-ის 25 მოქალაქე შეიყვანა, რომელთა შორის არიან პრეზიდენტ ბაიდენის მეუღლე და ქალიშვილი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები ფრენსის ფუკუიამა და ლარი დაიმონდი. სანქცირებულ პირებს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.
წყარო: US Department of The Treasure