თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პოლიცია ქვეყნის მოსახლეობას SMS შეტყობინებებს უგზავნის და ახსენებს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება დანაშაულია.
„ბავშვთა ქორწინება დანაშაულია! თუ ქორწინებას გაიძულებენ, ან თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ 112-ს ან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გვერდს", – ნათქვამია განცხადებაში.
SMS შეტყობინებები იგზავნება საინფორმაციო კამპანიის „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში.
კამპანია უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, მისი მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კამპანია, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.