დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა თავისი ახალი კოლექცია ნიუ-იორკში წარადგინა. ჩვენება გაიმართა საჯარო ბიბლიოთეკაში, კამერულ ატმოსფეროში (დარბაზში მხოლოდ 99 ადგილი იყო, მოწვეულთა შორის იყვნენ ანა ვინტური და ემილი რატაიკოვსკი).
ბელა და ჯიჯი ჰადიდები პოდიუმზე მთავარი ვარსკვლავები გახდნენ: დები, დანარჩენი მოდელების მსგავსად, უჩვეულო გარეგნობით გამოჩნდნენ – ნახევრად გადაპარსული თავით და შავი თმით.
თუმცა, არ უნდა ინერვიულოთ მოდელების თმაზე – ეს მხოლოდ ოსტატური მაკიაჟი იყო. ფოტოები, რომელშიც ასახული იყო ბელა და ჯიჯი ჰადიდების შოუსთვის მზადების პროცესი, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.
პანდემიის შემდეგ მარკ ჯეიკობსმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ოფიციალური განრიგი გამოტოვა და კოლექციის ცალკე ჩვენება მოაწყო. დიზაინერის ახალი კოლექცია ძველი ესთეტიკის გაგრძელებაა.
ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო გიგანტური პროპორციის სამოსი, ფუშფუშა კაბები, მაღალი პლატფორმები რიკ ოუენსის სტილში. მოცულობითი სვიტერები, რომლებშიც მოდელები იყვნენ გახვეული. სტილს ავსებდა ხელთათმანები და XXL ზომის ჩანთები.