მსოფლიო დღეს

ჯონსონმა რუს მეცნიერებს ბრიტანეთში გადასვლა შესთავაზა

Sputnik
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა G7-ის სამიტზე გამოსვლისას პუტინის პოლიტიკითა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილო რუსი მეცნიერები დიდ ბრიტანეთში მიიწვია, იუწყება ბრიტანული გაზეთი Guardian.
ჯონსონის თქმით, ეს შეთავაზება რუსი მეცნიერებისთვის არის უკრაინის უნივერსიტეტებთან პარტნიორობის არსებული სისტემის გაფართოება, რაც უკრაინელ მეცნიერებს დიდ ბრიტანეთში კვლევების ჩატარების საშუალებას აძლევს.

„მივმართავ რუს აკადემიკოსებსა და მკვლევარებს, რომლებიც შეშფოთებული ადევნებენ თვალს პუტინის ძალადობას და რომლებიც რუსეთში თავს დაცულად აღარ გრძნობენ: თქვენ შეგიძლიათ თამამად შეიტანოთ განაცხადი დიდ ბრიტანეთში გადასასვლელად და იმუშაოთ ქვეყანაში, რომელიც აფასებს ღიაობას, თავისუფლებასა და ცოდნისადმი სწრაფვას“, − განაცხადა ჯონსონმა.

Guardian-ის ცნობით, პროგრამის „მკვლევარები რისკის ზონაში“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ახლა თითქმის 10 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა, ბრიტანეთში დაახლოებით 130 უკრაინელი მეცნიერი ჩავა. სწორედ ასეთსავე დახმარებას სთავაზობს ლონდონი რუს მეცნიერებსაც.
ბრიტანეთმა რუსეთს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ საპასუხოდ, რომელიც 24 თებერვლიდან მიმდინარეობს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით.
წყარო: Guardian