ჩინეთში ქართულ ღვინოს ეცნობიან

ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების და მისი ექსპორტის ზრდის მიზნით ჩინეთში წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიება გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media-ს ორგანიზებით.
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარი–მაისში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 29%-ით აღემატება.
ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში
ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანია Tasting Annex-ის დამფუძნებელი რაინტრი ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei) უძღვებოდა. იგი გასულ წელს Meiburg Wine Media-ს მიერ განხორციელებული „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში შეირჩა ღვინის ოთხ პროფესიონალთან ერთად, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ჩინეთში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ.
ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში
ღონისძიების წამყვანმა მონაწილეებს დეგუსტაციის პარალელურად ქართული ღვინის ისტორია და თანამედროვე ინდუსტრია გააცნო. ღონისძიებაზე 9 სხვადასხვა ღვინის კომპანიის პროდუქცია იყო წარდგენილი.
ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში
სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით 2022 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.
წყარო - ღვინის ეროვნული სააგენტო.