მსოფლიო დღეს

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებების პირობები ჯერ არ მომწიფებულა - მიმართვა G7-ს

Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს ვიდეოკავშირით მიმართა და აღნიშნა, რომ სურს რუსეთის „სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში წლის ბოლომდე — ზამთრის დადგომამდე დასრულდეს, იუწყება Reuters-ი ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით.
როგორც ელისეს სასახლეში არსებული წყარო იტყობინება, ზელენსკიმ საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პირობები ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული, ვინაიდან მას უფრო „ძლიერი პოზიციების დაკავება“ სურს.
უკრაინის პრეზიდენტმა თავის Telegram-არხზე მადლობა გადაუხადა G7-ის ქვეყნებს სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის. მან ასევე მოუწოდა მათ ანტირუსული სანქციების გაძლიერებისკენ, მათ შორის, რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვის გზით.
G7-ის ლიდერთა სამიტი, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს, ბავარიაში 26 ივნისს დაიწყო და 28 ივნისამდე გასტანს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სამიტმა უკვე მოახერხა უკრაინისთვის იმ ფულის გაგზავნაზე შეთანხმება, რომელიც რუსეთის ექსპორტზე სავაჭრო გადასახადების გაზრდითაა მიღებული.
ვაშინგტონს სურს დააწესოს გაზრდილი ტარიფები რუსული საქონლის 570 ჯგუფზე, რომელთა ღირებულება დაახლოებით 2,3 მილიარდი დოლარია.
წყარო: Reuters