დუშეთში სტიქიას ებრძვიან: რა ვითარებაა ადგილზე

საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება რთული მდგომარეობა – დატბორილია სოფლები, დაზიანებულია გზები, გზაში გაჩერებულია სატვირთოები.
მუნიციპალიტეტის 18-ვე თემში ძლიერი სტიქიაა. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა სასოფლო, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების მონაკვეთები.
ათზე მეტ სოფელში დაიტბორა სახლები. კვლავ არსებობს ახალი მეწყრების ჩამოწოლის საფრთხე. დაზიანებულია ხიდები და გზები. ადგილებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რთული ვითარებაა ზემო ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიმავალ გზაზე. უხვმა ნალექმა და ნაპირებზე გადმოსულმა მდინარეებმა დააზიანა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც „ყაზბეგის“ გამშვებმა პუნქტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.
საზღვრისპირა ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაიყვანეს იქ მყოფი მგზავრები და მძღოლები, ასევე მათი ავტომობილები. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მაშველებმა ვერტმფრენებით გამოიყვანეს 170 ადამიანი, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამწუხაროდ, სტიქიას მსხვერპლიც მოყვა. გზაზე ჩამოსულმა ღვარცოფმა მდინარეში ჩაიყოლა უცხოელი ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მაშველებმა მისი ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.
ბოლო ინფორმაციით, ამჟამად რუსეთ-საქართველოს საზღვართან 260-მდე სატვირთო მანქანა დგას და გამშვები პუნქტის გახსნას ელოდება.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გზა ხვალ გაიხსნება. აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ტრანსპორტს, „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ნაცვლად, შეუძლია ისარგებლოს „წითელი ხიდის“ ან „ლაგოდეხის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტებით. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.
ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა ჟინვალი–ბარისახო–შატილის ცენტრალურ გზაზე, სადაც გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა გზა რამდენიმე ადგილზე დააზიანა, ჩამოწვა მეწყერი და ფშავისა და ხევსურეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.