თბილისი, 26 ივნისი— Sputnik. საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ვენჩერული კაპიტალის ფონდებში ინვესტირების შესაძლებლობა ექნებათ.
აღნიშნული ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
დღეს მოქმედი ნორმით, სახელმწიფო ორგანოებს ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალებათ წილის ფლობა ფინანსურ ინსტიტუტებში, მათ რიცხვში კი საინვესტიციო ფონდებიც შედის.
კანონპროექტის ინიციატორების ცნობით, ცვლილებით შენარჩუნდება ზოგადი აკრძალვა სახელმწიფოს მონაწილეობაზე ფინანსურ ინსტიტუტებში, თუმცა საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების მისაღწევად გაკეთდება გამონაკლისი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს უფლებას წილობრივი მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო ფონდებში.
მათი ინფორმაციით, ცვლილებების შემოთავაზებული ვერსია შეთანხმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საინვესტიციო ფონდების ზედამხედველთან.
დეპუტატების გამარტებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ მიერ დაფინანსებული და წარმატებული კომპანიები, მათი შემდგომი განვითარებისათვის საჭიროებენ დამატებით კაპიტალსა და მხარდაჭერას. ვენჩურული კაპიტალი და პირდაპირი ინვესტიციების ფონდები სწორედ ამ გამოწვევას პასუხობენ.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ მაკროეკონომიკის ჭრილში ეს საქართველოს ეკონომიკას გახდის უფრო მდგრადს და ნაკლებად დამოკიდებულს სისტემურ ბანკებზე.
ამ ეტაპზე სახელმწიფო საფინანსო სექტორის ამ მიმართულების განვითარებისათვის აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან, როგორებიც არიან ADB, IFC, World Bank, EBRD, FMO, EIF, DFC (former OPIC) და მათთან ერთად ამ მიმართულების განვითარებისათვის რიგი ღონისძიებები იგეგმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ბაზრის განვითარებისთვის გასატარებელი ღონისძიებები, აუცილებელია კანონპროექტის მიღება, განმარტავენ დეპუტატები.