თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. იური შატუნოვის დაკრძალვა სამშაბათს, 28 ივნისს არის დაგეგმილი, განაცხადა არტისტის წარმომადგენელმა არკადი კუდრიაშოვმა.
მომღერალი იური შატუნოვი 48 წლის ასაკში 23 ივნისს გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. მომღერლის პრეს-მდივნის ინფორმაციით, იურის გული გაუჩერდა სასწრაფო დახმარების მანქანაში.
„როდის იქნება დაკრძალვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. არავის დავუშვებთ. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ღამის სამ საათზე დავკრძალოთ... როგორ დაიკრძალება, ამის ამსახველ ფოტოს ავტვირთავთ. სავარაუდოდ, გეგმაშია სამშაბათი“, - თქვა კუდრიაშოვმა.
მან განმარტა, რომ ახლობლები იური შატუნოვს ორშაბათს გამოეთხოვებიან, კუდრიაშოვმა ზუსტი დრო არ გაამხილა, მაგრამ დაკრძალვის დარბაზი, მისი თქმით, მთელი დღისთვის არის დაქირავებული.
„ფერფლის ერთი ნაწილი დაიკრძალება გერმანიაში, ხოლო მეორე ნაწილი - ტროეკუროვსკის სასაფლაოზე. ზოგადად, იური ვასილიევიჩის სურვილი იყო რომ მისი ფერფლი გაფანტულიყო პირდაპირ მის სათევზაო ადგილზე ბავარიაში. ტყეში არის ასეთი სათევზაო ტბა", - განაცხადა კუდრიაშოვმა.
კვირას მომღერალთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოსკოვში, ტროეკუროვსკის სასაფლაოზე მიმდინარეობს, სადაც ასობით ადამიანია შეკრებილი.
შატუნოვი ჯგუფ „ლასკოვი მაის" სოლისტი იყო. რომელიც ცნობილი გახდა ჰიტებით, „თეთრი ვარდები" და „ჭაღარა ღამე".