თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გადაუღებელი წვიმების გამო ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ინტენსიური წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და გადმოსულია გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი