თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. რაჭა-ლეჩხუმში ღვინის პირველი ფესტივალი ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კომპანია „ჯი ეს სერვის გრუპის” ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალში რეგიონში არსებული დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი იღებდა მონაწილეობას. უწყების ინფორმაციით, თითოეულ მათგანს შესაძლებლობა მიეცა, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის, ფესტივალზე მოწვეული ევროპელი იმპორტიორებისა და ქართველ ექსპორტიორებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინათ.
ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრო დღემდე წარმატებით ახორციელებს 2013 წელს დაწყებულ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პოლიტიკის.
„შედეგი სახეზეა: ათასობით ჰექტარი ახლდაგაშენებული ვენახები საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელი ათობით ახალი კომპანია. დღეის მდგომარეობით, 236 ღვინის კომპანია ოპერირებს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია შედეგია. ქართული ღვინო მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება“, - განაცხადა ნოზაძემ.
ფესტივალის შესახებ ისაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. მისი განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ქართულ ღვინოს, ღვინის წარმოების ტრადიციებსა და კულტურას კიდევ უფრო პოპულარულს ხდის.
„ფესტივალი პირველად ტარდება და ეს ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს აძლევს ცნობადობის გაზრდის, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალი პარტნიორების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც რეგიონში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებისა და განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, - აღნიშნა მეხუზლამ.
რაჭა-ლეჩხუმის ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გაიმართა იმ მიმართულებებით, მათ შორის, გაყიდვების, ღვინის ტურიზმის, მარკეტინგის, რომლებიც რეგიონის მცირე მარნებს სჭირდებათ.