თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედგაცრუებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს. მოლოდინი მქონდა, რომ ამერიკა ასეთ უფლებებს დაიცავდა“, - განუცხადა სააგენტო Reuter-ს ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
პარასკევს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადახედა 1973 წლის საქმე „როუ უეიდის წინააღმდეგ“ და გააუქმა ორსულობის შეწყვეტის კონსტიტუციური უფლების გარანტია. ეს კი ამერიკის შტატებს ამ სფეროს დამოუკიდებლად რეგულირების შესაძლებლობას აძლევს.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ შტატების კანონები აბორტების აკრძალვის შესახებ, რომლებიც ახლა ავტომატურად შევა ძალაში, ქალებს საფრთხის ქვეშ დააყენებს.
„ეს სევდიანი დღეა სასამართლოსთვის და მთელი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, სასამართლოს ვერდიქტი აშშ-ს 150 წლით უკან დააბრუნებს.
1973 წლის საქმე Roe v Wade ანიჭებდა ქალებს უფლებას, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ჩაიტარონ ოპერაცია ორსულობის შეწყვეტის მიზნით.