თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს ნაკრები ბერძენი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 17 ივნისს თბილისში შეიკრიბა. ეროვნული ნაკრები 1 ივლისს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 4 ივლისს თბილისში ესპანეთს დაუპირისპირდება.
პრესკონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ნაკრების მწვრთნელმა მომავალ მატჩებზე, მოლოდინებსა და გუნდის შემადგენლობაზე ისაუბრა.
„თამაშის ტაქტიკაზე უკრაინასთან მატჩამდე ვერ ვისაუბრებ. მე ვენდობი ჩემს მოთამაშეებს. მალე ჩამოვლენ ტედ მაკფადენი და თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე კი 27 ივნისამდე სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ჩაატარებს. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ არის. იმედი მაქვს, რომ ქომაგი დარბაზს გაავსებს და ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ“, – აღნიშნა ზუროსმა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველო 4 შეხვედრიდან 3 გამარჯვებით პირველ ადგილზეა. ბოლო ადგილზე ოთხივე წაგებით ჩრდილოეთ მაკედონიაა.
ბერძენმა მწვრთნელმა ევრობასკეტის შესახებაც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. მან საქართველოს კალათბურთის ფედერაციას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი გულშემატკივრის წინაშე ნაკრები ღირსეულად წარდგება.
„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში – ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილის წილისყრისას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები იქნებიან ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი.