ღარიბაშვილი პოსტის დატოვებას აპირებს?

მთავრობის მეთაურმა აბსურდი უწოდა საუბრებს მისი შესაძლო გადადგომის შესახებ.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
საკითხი პრემიერის გადადგომის შესახებ მას შემდეგ დაისვა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო.

რაც შეეხება გადადგომას, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ მე შარშან თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მერვედ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს,
„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ასახავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა.
საქართველო მზადაა, ევროკავშირის ყველა პირობა შეასრულოს – პრემიერი>>
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს შეადგენს.