„ქართული ოცნება": ოპოზიცია დღევანდელი აქციით პოლარიზაციას აღრმავებს

ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორგანიზაციები აქციის დაგეგმვით უხეშად არღვევენ ევროკომისიის პირობას საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრის თაობაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
24 ივნისის საღამოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთად მიიჩნევენ, თბილისის ცენტრში აქციას გამართავს, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმას და ახალი ეროვნული მოძრაობის კომიტეტს წარმოადგენენ.

„მთავარი მოთხოვნა იყო პოლარიზაციის აღმოფხვრა, „ნაცმოძრაობა“ კი თავის ახალგაზრდულ ფრთასთან და სატელიტ პარტიებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღვივდეს. ეს ევროკავშირის პირობების უხეში დარღვევაა და ეს მათი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

ქართულ პოლიტიკაში დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი – მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს.