თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. მინდა ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო, რომ ყოველთვის მზად ვართ და კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მზადაა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი 12-ვე პირობა, რათა ქვეყანამ მიიღოს ალიანსის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლარიზების დასრულებაა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამას ოპონენტებიც გაითვალისწინებენ და გაიზიარებენ.
„ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი პირდაპირი მითითება, მუხლი, პირობა – რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დავასრულოთ პოლარიზება. მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ ვთქვა, რომ ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და ასევე მუდამ გვექნება მზაობა, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ვიმუშაოთ ერთად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია საკუთარ ამბიციებს, სურვილებს, პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა დააყენებს.
„ჩვენთვის მთავარი ჯერ არის ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის მომავალი და შემდეგ – პარტიული და პირადი ინტერესები. მინდა ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ევროპული მომავალი. საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს,
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.
მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივის" აღიარება უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ უსამართლობაა საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება, რადგან ქვეყანა ყველა გლობალური რეიტინგით უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.