საქართველოს პარლამენტი მზადაა შეასრულოს ევროკავშირის პირობები

საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს, ხოლო რადიკალიზმი – ერთადერთია, რაც ქვეყანას უშლის ხელს, მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მზადაა იმუშაოს ევროკავშირის რეკომენდაციების პრიორიტეტებზე, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.

„მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტი მზადაა იმუშაოს იმ პრიორიტეტებზე, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ასახული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ ისტორიული იყო, თუმცა მიზნის მისაღწევად საჭიროა ქვეყნის პოლიტიკოსების ერთიანობა.
„ევროკავშირის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ისტორიულ მომენტში საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ერთიანობას. სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზმი ზღუდავს ისტორიის დანახვის შესაძლებლობას და ჩვენ ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანებაში გვიშლის ხელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს, ხოლო რადიკალიზმი – ერთადერთია, რაც ქვეყანას უშლის ხელს.
„ყველაზე მეტად რაც ჩვენ ხელს გვიშლის ექვს თვეში და მომავალ წლებში რომ მიზანს მივაღწიოთ, ესაა რადიკალიზმი, წინააღმდეგობა, სიძულვილი, დათმობებზე წასვლის სურვილის არარსებობა. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება მეტი ევროპულობა და პატრიოტიზმი, თანხმობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და მომავლის იმედი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისის ცენტრში აქცია იმართება>>>
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, ხოლო პოლარიზაციის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ქვეყანა დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.