თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის და ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა პრიორიტეტი, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ში.
იმის შესახებ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს, ცოტა ხნის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
„ეს უდაოდ ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა ევროპული პერსპექტივა საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა კანდიდატობის სტატუსი მალე მივიღოთ“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
ამასთან მან მიულოცა უკრაინას და მოლდოვას, რომ მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე გადაწყდა.
„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ასახავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს შეადგენს.
მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივის" აღიარება უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ უსამართლობაა საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება, რადგან ქვეყანა ყველა გლობალური რეიტინგით უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.