ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ბაგებში კომპანია Silk Road Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 53 წლის ბიზნესმენი ლევან კაჭარავა (მეტსახელად „ტილიკა“) ჩაცხრილეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შემთხვევა წყნეთის გზაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ტელეკომპანიის ცნობით, საკუთარ ავტომობილში მყოფ კაჭარავას, სავარაუდოდ, 20-მდე ტყვია ესროლეს.
ლევან კაჭარავა ცნობილი ბიზნესმენია, ის ბოლო პერიოდში საფრანგეთში ცხოვრობდა. ლევან კაჭარავამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან (მეტსახელად „ზარალა“) ერთად 1995–1996 წლებში დააფუძნა კომპანია Silk Road Group, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. იგი ასევე ფლობდა თანამედროვე ტიპის ფიტნეს-ქსელს. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება კომპანია MULTIPLEX-ს, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.