თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვეტერანებსა და თანამშრომლებს უწყების დაარსების 28 წლის იუბილე მიულოცა.
პრემიერმა ხუთშაბათს სამსახურის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე ახალი სპორტული მოედანი, კინოლოგიური ვოლიერები და სპორტული დარბაზი დაათვალიერა. ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 12 თანამშრომელი უმწიკვლო სამსახურისთვის მედლით დაჯილდოვდა.
„მინდა თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ თქვენი და ჩვენი სამსახურის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, უწყების თანამშრომლები თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურებიან.
„ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მისიის შესრულება ხშირად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული და, პროფესიონალიზმთან ერთად, ქვეყნისა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვს. ამ ბოლო 28 წლის განმავლობაში თქვენ არაერთი სირთულის, მათ შორის, რამდენიმე ტერორისტული აქტის გადატანაც მოგიწიათ“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა სამსახურის თანამშრომლების აქტიურობა და წარმატება საერთაშორისო პროგრამებში. მისი თქმით, ამ წარმატების დასტურია ის, რომ საქართველოში პირად მცველთა საერთაშორისო ასოციაციის (APPS) მე-18 კონფერენცია გაიმართება 50-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წლის 23 ივნისს მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.
თავდაპირველად უწყების მთავარ ამოცანას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
მოგვიანებით სამსახურს საიდუმლო სატელეფონო კავშირის შექმნის უფლება მიეცა.
ამჟამად სამსახური საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვით აღარ არის დაკავებული. ის უზრუნველყოფს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტისა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეების, კათოლიკოს-პატრიარქის, ასევე მაღალი რანგის სტუმრების უსაფრთხოებას.
სამსახურს სათავეში ანზორ ჩუბინიძე უდგას.
წყარო - მთავრობის პრეს-სამსახური