თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კვიპროსის „ანორთოსისის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა, კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია, იუწყება ადგილობრივი პორტალი Goa.
„სულ უფრო ხშირად ისმის ხმები, რომ თემურ ქეცბაია ის ადამიანია, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს, გახდეს ჩვენი გუნდის მორიგი მთავარი მწვრთნელი“, – წერს გამოცემა.
სტატიის ავტორის თქმით, ეს საკითხი ქეცბაიასთან უკვე განიხილეს. ქართველმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ „ცოტას დაისვენებს, შემდეგ კი ამ საკითხს განიხილავს“.
ამასთან, გუნდიდან წასულ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციამ მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდით თემურ ქეცბაიას ჩვენი გუნდის წინსვლაში სამი წლის განმავლობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. თქვენ ისევ ასწიეთ „ანორთოსისის“ დონე, ისევ გაგვახარეთ და სიამაყე დაგვიბრუნეთ“, – ნათქვამია გუნდის ვეტერანების წერილში.
2008/2009 სეზონში „ანორთოსისი“ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გახდა პირველი გუნდი კვიპროსზე, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა.
აპრილში სპორტულ მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაიას კანდიდატურა ინგლისური კლუბი „უოტფორდის“ (Watford) მწვრთნელის პოზიციაზე განიხილებოდა.
წყარო - პორტალი Goa.