„სრულად დაფინანსდება ეს პროგრამა“: შოთა არველაძე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ავრცელებს

ჩემ ჩართულობას აქვს ორი მიზანი – უმნიშვნელოვანესი პროექტის გადარჩენა და მკითხველისა და ახალი თაობის წახალისება, აცხადებს არველაძე.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ბრიტანული „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სრულად დააფინანსებს 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამას, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ინფორმაციას ცნობილი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შოთა არველაძეს წლების განმავლობაში მოზარდებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის გაჩენის მიზნით არაერთ კამპანიაში მიუღია მონაწილეობა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტია „საფეხბურთო თერაპია“, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის ფეხბურთის თამაშის, დამეგობრების და სოციალურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.
როგორც არველაძემ აღნიშნა, რეგიონში და, განსაკუთრებით, სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ნებისმიერი სიახლე, აქტივობა და წახალისება მიცემული შანსია, რომელსაც ბევრი მათგანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
„ფეხბურთის თამაშის ხელმისაწვდომობის ზრდის გარდა, მნიშვნელოვანი იყო და დღემდე რჩება რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის განათლების მიცემის დამატებითი შესაძლებლობაც. სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს“, – განაცხადა არველაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, რომლის შემდეგაც ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია და მათი ახალი წიგნებით მომარაგების პროგრამა შეჩერდა.
„ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება. არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე“, – აღნიშნა არველაძემ.
„საფეხბურთო თერაპია“ მოქმედებაში: წეროვანში სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს >>
შოთა არველაძის საფეხბურთო კარიერა 1990 წელს დაიწყო. იგი, თბილისის „დინამოს“ გარდა, ევროპის სხვადასხვა კლუბებში, მათ შორის, ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 61 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.
არველაძემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ნიდერლანდის AZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. 2010 წელს ქართველი სპეციალისტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში იყო „ქაისერისპორის“, „ქასიმფაშას“ და „ტრაპზონსპორის“ მწვრთნელი.
არველაძის კარიერაში შემდეგი ეტაპი ისრაელის „მაკაბი“ იყო, რის შემდეგაც 2017 წელს სპეციალისტი „პახტაკორს“ ჩაუდგა სათავეში, სადაც გასული წლის დეკემბრამდე მუშაობდა. შემდეგ ქართველ სპეციალისტს „ჰალ სიტი“ ჩააბარეს.