მსოფლიო დღეს

ევროკომისია: სანქციები RT-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ დროებითია

Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სანქციები რუსული მედიასაშუალებების – RT-ს, Sputnik-ისა და კიდევ სამი სხვა ტელეარხის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიებაა, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვერა იუროვამ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ სანქციების დაწესება Russia Today-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ, გადავწყვიტეთ კიდევ სამი არხის დამატება სანქციების სიაში... მაგრამ ეს დროებითია. ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ [სანქციების მოხსნის საკითხს] სიტუაციის განმუხტვის შემდეგ“, — განაცხადა იუროვამ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე.

ევროკავშირმა 2 მარტს აკრძალა RT-ის და Sputnik-ის სიგნალისა და კონტენტის გავრცელება უკრაინაში რუსული „სამხედრო ოპერაციის“ ფონზე. გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. კერძოდ, დანართში ჩამოთვლილია რამდენიმე ორგანიზაცია: Russia Today English, Russia Today UK, Russia Today Germany, Russia Today France და Russia Today Spanish, ასევე Sputnik — დეტალების გარეშე.
ევროკავშირმა ასევე შეაჩერა რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობა: Rossiya RTR/RTR Planeta, Rossiya 24 და TV Center - International.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი ფადეევმა მიმართვა გაუგზავნა ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეიროს და მოუწოდა მას, მიეღო ზომები პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული ნორმების შესასრულებლად.