პარტია „მოქალაქეები“ PACE-ს ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი გახდება

პარტია „მოქალაქეები“ მეათე მოწვევის პარლამენტში ორი დეპუტატით არის წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტები, დემოკრატები და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ „პირველ არხს“ პარტიის ლიდერმა ლევან იოსელიანმა აცნობა.
პარტია „მოქალაქეების“ წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე.
იოსელიანის თქმით, საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი. პროცესს წინ უძღოდა ექვსთვიანი მოლაპარაკებები და მოსამზადებელი პროცესები.
აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი ამჟამად სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმრავლესობაშია – მას 165 მანდატი აქვს.
პარტია „მოქალაქეებს“ მეათე მოწვევის პარლამენტში ორი დეპუტატი ჰყავს – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. პარტია 2020 წლის აგვისტოში შეიქმნა და საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 1,33% (25.500 ხმა) მოიპოვა.
წყარო - „პირველი არხი“