თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლის - „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან, ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის წნორის ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობს 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ აფინანსებს. საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა ხანდაზმულთა სახლის მონიტორინგი 17 ივნისს განახორციელა.
„სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციართან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ დაბანის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პანსიონატში არ ჰყავთ ექიმი და არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია.
ამასთან, ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პანსიონატში იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით.
„შემაშფოთებელია დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ ზემოთ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა – ხანდაზმულს, იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო“, – წერია ომბუდსმენის აპარატის დოკუმენტში.
საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს – მყისიერად მოახდინონ რეაგირება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ.
სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს.
მათივე ინფორმაციით, ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ხანდაზმულების უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით.