ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს.
საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მიიღებენ თუ არა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის სამიტზე 23-24 ივნისს მიიღებენ.
ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია მისცა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას. საქართველოს კი პირობების შესრულება ურჩია. ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ ქვეყნისთვის რეკომენდებული „ევროპული პერსპექტივა" უკვე არის წარმატება.
ევროკომისიის რეკომენდაციაა – მიანიჭოს საქართველოს „ევროპული პერსპექტივა" და დაელოდოს, რომ ქვეყანამ კონკრეტული 12 პირობა შეასრულოს. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.