სტიქია რაჭაში: ამბროლაურის რაიონში ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა

ზარალის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა.
როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, გუშინ მოსულმა სეტყვამ, ძლიერმა ქარმა, განსაკუთრებით დააზარალა სოფლები ლიხეთი, აბარი, ურავი, საკეცია, ზნაკვა, სადმელი.
ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

„საკმაოდ ძლიერი ქარი იყო. დააზიანა რამდენიმე სოფელი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ზარალის ოდენობა 200.000 ლარია. მიმდინარეობს მოკვლევა“, – განუცხადა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი რამ მათ აქამდე არასდროს უნახავთ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ადგილობრივი ხელისუფლება, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.