თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ოპოზიციონერები და უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი დასავლეთს არწმუნებდნენ, არ მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისიამ გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, გაუხსნას საქართველოს „ევროპული პერსპექტივა", უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
„ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი (ოპოზიციის) პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში, ეს ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად, ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია“, – მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.
მისი თქმით, არახამია საჯაროდ გამოდიოდა ბრალდებებით საქართველოს მისამართით, თითქოს ის ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
„ბრალი დაგვდეს მათმა (ოპოზიციის) პარტნიორებმა უკრაინაში, მათმა მეგობრებმა საჯაროდ, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არცერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ. ეს არის ქვეყნის მტრობა და სად არის თქვენი რეაქცია, თქვენი პატრიოტობა?!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.