„ევროპაში არსად არ არის მსგავსი ეკონომიკური ზრდა“ - პრემიერი

ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის 14,4%-იანი ზრდაა, განაცხადა ღარიბაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორიც საქართველოშია, ევროპაში არსად არ არის და ეს ჩვენი ძალისხმევით მოხერხდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო დროს საერთაშორისო ინსტიტუტები აფიქსირებენ ინფლაციის მაღალ დონეს და მსოფლიო ეკონომიკის დაცემას. მიზეზად უკრაინაში განვითარებული მოვლენები და სანქციების ეფექტი სახელდება.

„ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება. არ ავყევით ამათ [ოპოზიცია] მავნებლურ პროვოკაციებს, არც მათ განზრახვებს, მათი პარტნიორების – უკრაინელების მოწოდებას და სურვილებს, რომ აქ მეორე ფრონტი და მეორე მარიუპოლი მოეწყოთ. ეს ყველაფერი ავირიდეთ თავიდან. ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და 14%-იანი ეკონომიკური ზრდა. არსად არ არის მსგავსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ინფლაციის დონე მთელ მსოფლიოში რეკორდულია, საქართველო კი გამონაკლისი გახდა, რადგან 12-13%-იანი ინფლაციის დონის შენარჩუნებას ახერხებს.
„ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა ამერიკაში და ევროპაში, გერმანიაში, საფრანგეთში. თურქეთში 73%-იანი ინფლაციაა, მოლდოვაში – 27% და ჩვენ ამ დროს 12-13%-იანი ინფლაციის დონის შენარჩუნებას ვახერხებთ, თან ეკონომიკის ორნიშნიანი ზრდის პირობებში და ასეთი ოპოზიციის პირობებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 13,3% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. რეგულატორის განცხადებით, მაღალი ინფლაციის მიზეზია სანქციების ეფექტი და პროდუქციის მიწოდების პრობლემები, რამაც მთელ მსოფლიოში სურსათის გაძვირება გამოიწვია, ეს კი საქართველოზეც აისახა.