დაზუსტდა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტლის მაჩვენებელი

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,4% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის წინასწარი მონაცემი ასევე 14,4% იყო.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2022 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის მოცულობამ 14,6 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 8,7% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.249,9 დოლარს შეადგენდა (ერთი წლის წინ – 929,7 დოლარს).
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
ყველაზე მეტი ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალში აჩვენა დასვენებისა და გართობის, განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების სფეროებმა.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2022 წლის პირველ კვარტალში, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ

ეკონომიკის სფერო

ზრდა %

განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა

70,3

ელექტრო- და გაზმომარაგება

54,7

დასვენება და გართობა

47,9

ტრანსპორტი და დასაწყობება

29,4

ადმინისტრაციული საქმიანობა

29,1

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში I კვარტალში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით

ეკონომიკის სფერო

ხვედრითი წონა მშპ-ში %

ვაჭრობა

14,8

გადამამუშავებელი მრეწველობა

12,0

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები

10,1

სახელმწიფო მართვა

7,3

მშენებლობა

7,1