თბილისში დღეს სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება

სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში გამართული საკონკურსო კინოპროგრამის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში" გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 21-დან 27 ივნისის პერიოდში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კინოფესტივალი საზეიმოდ დღეს, 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში" გაიხსნება ლევან ერისთავისა და დიტო ცინცაძის ფილმით „კვაზიმოდო".
ფესტივალს უმასპინძლებს მისი ოფიციალური პარტნიორი – კინოთეატრი „ამირანი", სადაც საკონკურსო პროგრამას დიდ ეკრანზე უჩვენებენ.
კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია.
ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 27 ივნისს „ამირანში" გაიმართება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში: საუკეთესო ანიმაციური ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი, გრან-პრი.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება უკრაინული სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სპეციალური ჩვენებაც.
თბილისი საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს უმასპინძლებს>>
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე დასწრების მსურველები საფესტივალო ბილეთების შეძენას შეძლებენ ვებ-გვერდზე - www.kinoafisha.ge, ხოლო სტუდენტებისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ ფორუმი" – პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი, რომელიც 25, 26 და 27 ივნისს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში ჩატარდება.
ფესტივალს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ მხარდაჭერით.