საქართველოს ტექნიკური მთავრობა არ სჭირდება - წულუკიანი

სააკაშვილის მოწოდებების მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა, აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოში ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების არანაირი საჭიროება არ არსებობს, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამშაბათს ბრიფინგზე.
წულუკიანი კომენტარით გამოეხმაურა პატიმარი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აუცილებელია ტექნიკური მთავრობის შექმნა, რომელიც ევროკავშირის კონტროლით ჩაატარებს ქართველი ხალხის ნების გამომხატველ არჩევნებს.

„ტექნიკური მთავრობის შექმნის არავითარი საჭიროება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ამგვარი ტიპის მოწოდებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია უკვე მეათე წელია ვერ ხდება და ალბათ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული სვლა გააგრძელოს, აუცილებელია ოპოზიცია დასერიოზულდეს", – განაცხადა წულუკიანმა.

გუშინ თბილისის ცენტრში მრავალათასიანი აქცია გაიმართა, რომელიც დასრულდა მანიფესტის გამოცხადებით ახალი სახალხო კრების შექმნის მზადყოფნის შესახებ და ახალი საპროტესტო აქციების დაანონსებით.
აქცია ევროკავშირის სამიტის წინ (23-24 ივნისი) გაიმართა, სადაც განიხილავენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ევროკომისიამ გასულ კვირაში გასცა რეკომენდაცია სტატუსის მინიჭების შესახებ უკრაინისა და მოლდოვისთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის. ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
წულუკიანი: აქცია ბევრისთვის იმედგაცრუება გახდა>>
აქციის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია". მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები მოძრაობა „სირცხვილიას" თავიანთი მთავარი ოპონენტის „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთად განიხილავენ.
ხელისუფლებამ „ნაცმოძრაობა" და მისი მომხრეები არაერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ მათ თავისი ლობისტების დახმარებით დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ განაწყვეს, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში.