თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა ივლისში ყაზახეთს ეწვიოს. ამის შესახებ დოჰაში ღარიბაშვილისა და ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობის მეთაური ვიზიტით კატარში იმყოფება, სადაც ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
საქართველოსა და ყაზახეთის ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის სფეროში აქტაუსა და კურიკის პორტებით, ასევე ბათუმის საზღვაო პორტით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
2022 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი ყაზახეთში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 149,7%-ით გაიზარდა და 23,7 მლნ დოლარი შეადგინა.