კატარის ბიზნეს-სექტორი საქართველოს პოტენციალით დაინტერესდა

კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა და ადგილზე შეისწავლის ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ასევე ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდმა.
შეხვედრა გაიმართა ღარიბაშვილის კატარში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

„შეხვედრაზე აღინიშნა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მზადყოფნა გამოითქვა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განვითარებისთვის. პრემიერის თქმით, საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის საინვესტიციო საზოგადოების თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი კატარში ვიზიტის ფარგლებში კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს, შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კატარის თანამშრომლობის პერსპექტივები ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში.
შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის მუზეუმში საზეიმოდ გახსნეს ქართული კუთხე.
მუზეუმის ქართულ სექციაში დამთვალიერებლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე ქართული ეროვნული და ისტორიული ექსპონატებია გამოფენილი.
როგორც მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, კატარის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მუზეუმში მუდმივმოქმედი ქართული სექციის გახსნა და ქართული ექსპონატების განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას კატარის სახელმწიფოში.
წყარო - მთავრობის პრეს-სამსახური