კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში: თბილისში გატარებული რეფორმები განიხილეს

საბოლოოდ ახალი სტანდარტების დამკვიდრება დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე, განაცხადა კობა გვენეტაძემ.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქვეყანაში კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვიდრება ხელს შეუწყობს კომპანიების მიერ ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ბაზრის გამჭვირვალობისა და ქართული კომპანიების რეპუტაციის გაზრდას, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
რეგულატორის ხელმძღვანელი დაესწრო სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების შესახებ ახალი ანგარიშის (Report on the Observance of Standards and Codes - ROSC) პრეზენტაციას, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი პროგრამის ფარგლებშია მომზადებული.

„გამართული კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ბაზრის გამჭვირვალობისა და ქართული კომპანიების რეპუტაციის ზრდას, არამედ მათ მიერ ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც, ცხადია, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა გვენეტაძემ პრეზენტაციაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ კორპორაციული მართვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.
„ROSC დადებითად აფასებს საქართველოში კორპორაციული მართვის გარემოს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ კუთხით. რა თქმა უნდა, არის გარკვეული შენიშვნები, რომელსაც ბანკი აუცილებლად გაითვალისწინებს სამომავლოდ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ
მისი თქმით, კომპანიებიდან მიღებული ანგარიშები აჩვენებს, რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო და ეროვნული ბანკი შესაბამის ზომებს მიიღებს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში ვრცლად არის განხილული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ნორმატიული და სამართლებრივი ბაზის კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული ტრანსფორმაცია.
წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი