თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა და არხის ინფორმაციას, რომ „სამინისტროდან პოლიციელები გარბიან“, ყალბი უწოდა.
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, გასულ თვეში რუსთავის სპეცდანიშნულების რაზმი რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა, სულ კი გომელაურის უწყებაში 400-მდე განცხადება დაიწერა. მედიასაშუალების ცნობით, ადამიანები თავშესაფრის მისაღებად საზღვარგარეთ გარბიან.
„ტელეკომპანიამ, ვითომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით საზოგადოებას მიაწოდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ქვემო ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთდროულად 38-მა თანამშრომელმა დატოვა“ „ფეიკ ნიუსის“ კლასიკური მაგალითია“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დეპარტამენტში განმარტეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40.000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა გადინება და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
„აშკარაა, რომ ტელეკომპანიის მიერ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ქვეყანაში ნიჰილიზმის გაღვივებას, მაყურებელში პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ნეგატიური განწყობების შექმნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას, უწყების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობისა და უპატივცემულობის დამკვიდრებას“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია „მთავარი“ უწყებაში საკადრო ცვლილებებს უკავშირებს შსს-ს თანამშრომლების მიერ „ქართული ოცნების“ დაკვეთების შეუსრულებლობას, კერძოდ, 20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით მობილიზებას.