მსოფლიო დღეს

ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

Sputnik
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ „ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიისთვის“ დაწესებული სანქციები 2023 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა, რომლებიც აღნიშნულ სუბიექტებთან დაკავშირებულ სავაჭრო და საფინანსო ოპერაციებზე შეზღუდვებს ითვალისწინებს.
ამ შემზღუდავ ზომებს, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წელს დააწესა, ის ყოველწლიურად ახანგრძლივებს.

„რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ძალადობრივი, უკანონო ანექსიიდან რვა წლის შემდეგ ევროკავშირი კვლავაც გმობს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას“, — ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრეს-რელიზში.

გარდა ამისა, პრეს-რელიზის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ასევე არის რუსეთის პოლიტიკის „ყველაზე მტკიცე დაგმობის“ მიზეზი.
აღნიშნული სანქციები გულისხმობს ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში იმპორტის აკრძალვას, ასევე ინფრასტრუქტურული ან საფინანსო ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების, ყირიმის კომპანიებისთვის გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის, სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკის სექტორების გამოყენების, ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოპოვების აკრძალვას.
წყარო: European Council