მსოფლიო დღეს

ევროკავშირში რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების რაოდენობა გაორმაგდა

Sputnik
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ევროკავშირში რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების რაოდენობა გაორმაგდა და 12 მილიარდ ევროს გადააჭარბა, იუწყება Die Welt ევროკომისიის წარმომადგენელ კრისტიან ვიგანდის განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ბიზნესმენებმა და კომპანიებმა, ევროკავშირის სანქციების შედეგად, 12,5 მილიარდ ევროზე მეტი ძვირადღირებული იახტები, ვერტმფრენები, ნახატები, უძრავი ქონება და სხვა აქტივები დაკარგეს.

„რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ოდენობა, რაც აპრილში 6,7 მილიარდს შეადგენდა, თითქმის გაორმაგდა და 12,5 მილიარდ ევროზე მეტს მიაღწია“, — აღნიშნა ვიგანდმა.

გაყინული აქტივების ასეთი მკვეთრი ზრდა მან იმ ფაქტით ახსნა, რომ ბოლო კვირებში ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, საგრძნობლად მოიმატა რუსი ოლიგარქების კუთვნილი მრავალი ობიექტის იდენტიფიცირებამ და დაბლოკვამ.
3 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ სექტორს და რუსი და ბელარუსელი ფიზიკური პირების აქტივებს.