თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. თელავში მამების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომელშიც ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მათმა შვილებმა მიიღეს მონაწილეობა, იუწყება თელავის მერია
მამების დღე თელავში წელს უკვე მეორედ აღინიშნება. ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ღონისძიებას, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით გაიმართა, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად დაესწრო. მერმა მატჩის მონაწილე გუნდებს სიგელები და „მამების თასი“ გადასცა.
მამის დღე საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში წელს მეექვსედ აღინიშნება.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ინიციატივით საქართველოში 2016 წელს დაიწყო კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
მამის დღე არის დღესასწაული, რომელიც ბევრ ქვეყანაში მამობის აღსანიშნავად და მამების პატივსაცემად ყოველწლიურად აღინიშნება. ის, როგორც წესი, ივნისის მესამე კვირა დღეს იმართება. დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს იზეიმეს.