თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთში, „შატო მუხრანის“ აღდგენილ სასახლეში „მერანოს“ ღვინის ფესტივალი იმართება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი, უნიკალურია არა მარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც.
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც „მერანოს“ ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი ღვინო და გასტრონომიული პროდუქტები. წარმოდგენილია როგორც იტალიელი მეღვინეების, ასევე ადგილობრივი მარნების ღვინოები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია.
კულინარიულ მასტერ-კლასებს სპეციალურად მოწვეული იტალიელი შეფ-მზარეული ანტონიო ტუბელი (Antonio Tubelli) ჩაატარებს.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალი მუსიკალური ჯგუფი „მიქსტურის" გამოსვლით დაიხურება. ღონისძიებაზე დასწრება 12 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ასოციაცია „ქართული ღვინო”, ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი და ვაინჰანტერი. ღონისძიების პარტნიორია „შატო მუხრანი“.