თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 ივნისს ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას მეზობელს - 43 წლის მამაკაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.
დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
როგორც მეზობლებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, მოკლული მამაკაცი შვიდი შვილის მამაა. ბრალდებული მისი ბავშვობის მეგობარი იყო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - შსს